შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს ზოგადი სამართლის კლინიკა, რომლის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ადვოკატირების უნარ-ჩვევები და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალება მისცეს.

კლინიკის ფარგლებში  სტუდენტები პრაქტიკოსი იურისტების ზედამხედველობის ქვეშ  ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უწევენ უფასო იურიდიულ დახმარებას. კერძოდ, კლინიკის მომსახურებაში მოიაზრება უფასო სატელეფონო კონსულტაციები (ცხელი ხაზი - 0322 59 50 07), სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა/შეგროვება და პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობა. აღნიშნული საქმიანობა სტუდენტს საშუალებას მისცემს აითვისოს კლიენტთან ინტერვიუს წარმართვის ტექნიკა, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, სასამართლო პრაქტიკის ანალიზის მეთოდოლოგია, კლიენტების დაცვა წარმომადგენლობის განხორციელებით. ამასთან, სტუდენტებს განუვითარდებათ საადვოკატო ეთიკა და უნარ-ჩვევები. 

გარდა იურიდიული კონსულტაციებისა სამართლის კლინიკის სტუდენტების ორგანიზებით და მონაწილეობით ხორციელდება სხვადასხვა პროექტი, როგორიცაა იმიტირებული სასამართლო პროცესები, საჯარო ლექციები, სასამართლო პროცესებზე სტუდენტების დასწრება და ა.შ.

კლინიკა გათვლილია როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის.