12 ივნისს გაიმართა პროექტ „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“ დასკვნითი ღონისძიება მრგვალი მაგიდის დისკუსიის ფორმატში. დისკუსიის ფარგლებში პროექტის მონაწილე სტუდენტებმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წარადგინეს საკუთარი კვლევითი ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალის (JSS) სპეციალური გამოშვების სახით.

დისკუსია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორთან, ილიას ჩილოღლუსთან ერთად საკვანძო მოხსენებებით გახსნეს პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩმა, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასმა  და ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა, ლაშა ბაქრაძემ. საპატიო სტუმრებმა ისაუბრეს თანამედროვე ნაციონალისტურ კონტექსტებზე პოლონეთში, ლიტვასა და საქართველოში, რის შემდეგაც ისინი დისკუსიაში ჩაერთნენ სტუდენტებთან.

ღონისძიება გაგრძელდა სტუდენტების მოხსენებებით, რომლებმაც მიიღეს ინდივიდუალური შეფასებები მოწვეული ექსპერტებისგან, პროფესორ-მასწავლებლებისგან და დარგში აქტიურად მოღვაწე მკვლევრებისგან. სტუდენტებთან დისკუსიაში მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ოლივერ რაისნერი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი და შავი ზღვის საერთაშორისო ნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ლევან კახიშვილი, კოორდინატორი ბერგჰოფის ფონდის პროექტში “ისტორია და მეხსიერება როგორც დიალოგის საფუძველი” ელენე ნათენაძე და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ივანნა მაჩიტიძე.

საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტი „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“ 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და სამ ეტაპს მოიცავდა: დეკემბრის განმავლობაში გაიმართა სალექციო კურსი, რომლის ფარგლებშიც პროექტის მონაწილეებმა მოისმინეს ქართველი და უცხოელი ექსპერტების 10 ლექცია, რის შემდეგაც მათ პროექტის მონაწილე მომხსენებლებთან ერთად იმუშავეს ანალიტიკურ სტატიებზე, რომელიც გამოქვეყნდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ჟურნალის (JSS) სპეციალური გამოშვების სახით.

  • IMG_4372
  • IMG_4398
  • IMG_4417
  • IMG_4438
  • IMG_4442
  • IMG_4556
  • IMG_4605
  • IMG_4756
  • IMG_4762
  • IMG_4809
  • IMG_4812
  • IMG_4822