22 მარტს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ოლივერ რაისნერმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა დავით ჯიშკარიანმა თემაზე „ომთაშორისო კავკასია: ახალი სახელმწიფოების ჩამოყალიბება და გაქრობა“. დავით ჯიშკარიანმა ისაუბრა ამიერკავკასიის ფედერაციის შესახებ, რომელიც 1922-1936 წლებში არსებობდა საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ერთიანი პოლიტიკური წარმონაქმნის სახით საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. საუბარი შეეხო ფედერაციის მიმოხილვას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ეთნიკურ და კულტურულ ჭრილში. ოლივერ რაისნერმა თემა გააგრძელა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში კავკასიური რესპუბლიკებისა და ხალხების თანაცხოვრების თავისებურებებით, ეროვნული პოლიტიკით და ამ ფარგლებში საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის სოციალისტური რესპუბლიკების განვითარებით. მან ყურადღება გაამახვილა ამ პერიოდის საერთაშორისო კონიუნქტურაზე და მისი მეცნიერული შესწავლის ეტაპებზე.

ლექცია გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მიერ ინიცირებული პროექტის „კავკასია ფოკუსში: რეგიონის ანალიზი ინტერდისციპლინურ ჭრილში“ ფარგლებში.

  • 8O2A3041 (1)
  • 8O2A3044 (1)
  • 8O2A3052 (1)
  • 8O2A3018 (1)