4 დეკემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა  ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემ თემაზე „კავკასიის სახელმწიფოები საბჭოთა მმართველობის ქვეშ“. ლაშა ბაქრაძემ სტუდენტებთან შეხვედრის ფარგლებში ისაუბრა აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის გასაბჭოებასთან დაკავშირებულ მოვლენებსა და შედეგებზე. საუბრისას მიმოხილული იყო პოლიტიკურ-იდეოლოგიური მდგომარეობა ამ პერიოდის სამ კავკასიურ სახელმწიფოში, ადრეული საბჭოთა პოლიტიკური ელიტების გავლენები ამ ქვეყნების თანაცხოვრებაზე და მათი სახელმწიფოებრიობის დასასრულის პროცესები. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა რეგიონის ეროვნულ თუ კულტურულ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, და ამ გამოწვევებისადმი საბჭოთა პოლიტიკური ნომენკლატურის მიდგომებზე. დისკუსიისას სტუდენტები დაინტერესდნენ ქართული ელიტებით, მათი მოქმედებით საბჭოთა მმართველობის ქვეშ და თემასთან დაკავშირებული სხვა საკითხებით.

ლექცია გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მიერ ინიცირებული პროექტის „კავკასია ფოკუსში: რეგიონის ანალიზი ინტერდისციპლინურ ჭრილში“ ფარგლებში. აღნიშნული შეხვედრით დასრულდა პროექტის პირველი ეტაპი. ლექციებს ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტები, რომლებიც პროექტის ბოლოს დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით. საჯარო ლექციათა ციკლი კავკასიის რეგიონის შესახებ გაგრძელდება გაზაფხულის სემესტრიდან.

  • 8O2A8545 (1)
  • 8O2A8549 (1)
  • 8O2A8559 (1)