შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან თანამშრომლობით  ორგანიზებას უწევს ყოველწლიურ ერთობლივ სტუდენტურ კონფერენციას “კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები”.კონფერენციის თემატიკა მოიცავს მრავალ ასპექტს, როგორიცაა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ეკონომიკური განვითარება, ადამიანის უფლებები, თანამედროვე სოციალური გარემო და სხვა. შესაბამისად, კონფერენციაში მონაწილეობის გზით სხვადასხვა სასწავლო პროგრამის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები სხვადასხვა პრიზმიდან განიხილონ. მონაწილეებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ ნაშრომები, რომლებიც მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის პრობლემატიკას, ეხება, გავლენას ახდენს ან მსგავსია კავკასიის რეგიონის ქვეყნების გამოწვევებისა.

ღონისძიების მიზანია სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდებში ცოდნის ამაღლება, მომავალი ლიდერებისა და მკვლევარების შეკრება, რაც ხელს შეუწყობს დიალოგის პროცესს კავკასიის რეგიონულ სტაბილურობაზე.

კონფერენცია მოიცავს ექვს სესიას, ესენია: ეკონომიკა, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო ადმინისტრირება, სოციოლოგია და ჟურნალისტიკა. დარგის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჟიური თითოეულ სესიაზე გამოავლენს საუკეთესო ნაშრომს, რომლის ავტორ(ებ)ს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დააჯილდოვებს თბილისი მოლის 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერით. საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემაში “სტუდენტთა ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში”.

მე-5 ერთობლივი სტუდენტური კონფერენცია „კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები“ გაიმართება 2017 წლის 29 აპრილს ქ. თბილისში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

 

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური.

კონფერენციის ფარგლებში იბეჭდება აბსტრაქტების კრებული.

თითოეულ მონაწილეს ნაშრომის დაცვის შემდეგ გადაეცემა სერთიფიკატი.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.